რუსთავის სასამართლომ 50 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდები 16 წლის ბიჭი პატიმრობაში დატოვა

2026-07-22 17:43:40

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პროკურორის გიორგი მექვაბიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 50 წლის კაცის მკვლელობისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ საქმის არსებითი განხილვის პირველ პროცესზე მიიღო.

ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა, ალი ბადიროვმა მოსამართლეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

არსებითი განხილვის პირველ პროცესზე დაკავებულმა ბიჭმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და განაცხადა, რომ მოკლულის მხრიდან განხორციელებული ძალადობისგან თავის დასაღწევად აუცილებელი მოგერიების დროს 50 წლამდე კაცის მოკვლა მოუწია. 

"აუცილებელი მოგერიების ფარგლებშია ჩემი მხრიდან დანაშაული ჩადენილიო, თქვა ჩემი უფლებადაცვის ქვეშ მყოფმა, გაუპატიურებისგან თავის დაღწევის ერთადერთ გზად [კაცის] მოკვლა მიიჩნია, ამას აღიარებს. გირაოს შეფარდება ვიშუამდომლე, პროკურატურამ - პატიმრობა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. არსებითი განხილვის შემდეგ პროცესზე მოწმეების დაკითხვა იგეგმება",- გვითხრა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 5 ივნისს დავით გარეჯის ქუჩაზე მოხდა. 16 წლის ბიჭმა 50 წლამდე კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც პოლიციას დაურეკა, დანაშაული აღიარა და სამართალდამცავებს ჩაბარდა. არასრულწლოვანმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მოკლულმა მას თავისუფლება აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები