2026-05-06 12:58:53
რუსთავის მერია მზადაა, იაღლუჯის მიწის მფლობელების შეხვედრებისთვის შესაბამისი ფართი გამოყოს.
ამის შესახებ ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
ნაკვეთების მფლობელებმა, რომლებიც უკვე წლებია მიწის დარეგისტრირებას ითხოვენ, 4 მაისს ქალაქის მთავარ მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს, რის შემდეგაც მერს, ნინო ლაცაბიძეს შეხვდნენ.
ლაცაბიძის თქმით, შეხვედრაზე მოქალაქეებთან ერთად შეთანხმდნენ, რომ აღდგება საინიციატივო ჯგუფი და ასევე დახმარებას გაუწევს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან საკომუნიკაციოდ.
"არასდროს, რაც მერი ვარ, უარი არ მითქვამს შეხვედრაზე, როდესაც მოქალაქეებს აქვთ კითხვები. საკმაოდ რთული საუბარი იყო, რადგან გარკვეული ნაწილი ძალიან ნეგატიურად იყო განწყობილი, არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია, თუ რა პროცესში ვიყავით.
მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფმა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში დაიწყო მუშაობა, რამდენიმე შეხვედრა მქონდა მანთთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ის ტერიტორიები, რაზეც მოსახლეობა იყო მოსული, ეკუთნის გარდაბანს და მარნეულს, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ შემოდის. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ რუსთაველს აქვს ინტერესი ამ მიწების დარეგისტრირების, ვუთხარი, რომ თუ რამე შემიძლია, მზად ვარ, რომ დაგეხმაროთ. მათ ჰქონდათ საკითხი დაყენებული, რომ ვერ ახერხებდნენ სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციას. მათ შორის საჯარე რეესტრი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, რადგან იქ სამხედრო ბაზებია და შეზღუდუვის ზონებია. გუბერნიაში პირადი შეხვედრების შემდეგ გვქონდა გაფართოებული შეხვედრა. ესწრებოდნენ იმ უწყებების მინისტრის მოადგილეები, რომლებიც მე ჩამაწერინეს და მითხრეს, რომ მათთან კარგი იქნებოდა შეხვედრა. დავაკონტაქტე, გვქონდა სამუშაო გარემო, მათ შორის რუკებზე მუშაობა. ეს მიწები, შეიძლება ვინმე ამბობს, რომ ადრე რუსთავს ეკუთნოდა, ეს საკითხიც იმ ფორმატში უნდა განიხილოს, თუ ამას სამართლებრივად განხილვის საფუძველი აქვს.
ეს ფორმატი შევქმენით, გვერდში დავუდექით. შემდეგ იყო გარკვეული მოთხოვნა, ფართი გამოყოფილიყო, სადაც შეიკრიბებოდნენ და ერთმანეთს მიწის ნაკვეთის ნომერის მოძიებაში დაეხმარებოდნენ.
როდესაც დადგა საკითხი, რომ ფართი მიგვეცა, ამისთვისაც მზად ვიყავი და დღესაც ვაპირებ, გამოვუყოთ გარკვეული ფართი, სადაც შეიკრიბებიან და ქუჩაში არ იდგებიან. სამწუხაროდ თებერვლის შემდეგ კომუნიკაცია შეწყდა, გადავიდნენ ფეისბუქ ლაივებისა და აქციებზე, დაიკარგა სამუშაო ფორმატი. მიხარია, რომ შევთანხმდით, რომ აღდგება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ყველა პრობლემური საკითხს დააყენებს და მოგვარებამდე მივლენ. ჩვენ ისევ გავაგრძელებთ დახმარებას, რომ მარტივი და სწრაფი კომუნიკაცია ჰქონდეთ სახელმწიფო სტრუქტურებთან და იქნებ როგორმე გამოსავალი მოვძებნოთ",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.