"ნაკვეთებს გვართმევენ ძალიან მიზერულ თანხაში"

2026-04-30 17:10:38

საქართველოს მთავრობა რუსთავის შემოსასვლელში გაჩიანის ხიდიდან 21-ე მიკრორაიონამდე არსებულ ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას გეგმავს.

ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა იგეგმება, რამდენიმე ათასი რუსთაველი მიწის ნაკვეთებს ფლობს. მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა მათგან მიწების გამოსყიდვა უკვე დაიწყო, თუმცა ეს პროცესი მფლობელების ნაწილისთვის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მიწის ერთ-ერთმა მფლობელმა ვილი გელაშვილმა განუცხადა, ის და ასობით რუსთაველი წლებია ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლას ელოდებიან, რადგან ამ ტერიტორიაზე კერძო საცხოვრებელი სახლის აშენება სურდათ.

მისი თქმით, ახლა კი, როცა საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაანონსდა და სახელმწიფო მიზერული თანხის სანაცვლოდ ცდილობს მეპატრონეებისგან ნაკვეთების გამოსყიდვას.

"ამ ნაკვეთებს რამდენიმე ასეული ადამიანი არ ვყიდდით რამდენიმე ათეული წელია, რადგან ველოდებოდით, რომ მიწებს სტატუსი შეეცვლებოდა. გვინდოდა, საკუთარი სახლები აგვეშენებინა. ახლა აქვს სასოფლო სამეურნეო მიწის სტატუსი. ნაკვეთებს გვართმევენ ძალიან მიზერულ თანხაში, გაყიდვა რომ მოგვდიოდა ყოველთვის გავყიდდით. 1 კვ.მ-ში გვთავაზობენ 22 აშშ დოლარს. ყველა ვფლობთ 900 კვ.მ-ის მიწას.

21-ე მკ/რ-სა და მე-19 მკ/რ-ს მიმდებარედ კომპანიებმა და ვიღაც პირებმა გამოისყიდეს მიწები და მას შეეცვალა სტატუსი, ამ ნაკვეთების ღირებულება 1 კვ.მ-ის 150 აშშ დოლარია.

ამბობენ, რომ 4000 ნაკვეთია მაგ ტერიტორიაზე, ურეკავენ ადამიანებს და ეუბნებიან, თუ არ დათანხმდებით ამ პირობას წაგართმევთ,  ექსპროპიაცია მოხდება. ეს არის შანტაჟი, სახელმწიფო ასე არ იქცევა. 900 კვადრატული მიწის საპირწონედ ერთი სახლი ხომ მაინც უნდა მოგივიდეს.

ადამიანებად უნდა ჩაგვთვალონ, შეგვხვედროდნენ და საქმის კურსში ჩავეყენებინეთ, ჩვენი აზრი მოესმინათ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ასეთი რამ არ მომხდარა. ჯერ მე არ მინახავს",- გვითხრა ვილი გელაშვილმა. 

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მუნიციპალური განვითარების ფონდს:

1. რა ფართობის მიწის გამოსყიდვას აპირებთ და რამდენი მოქალაქისგან;

2. რა თანხას სთავაზობთ მოქალაქეებს 1კვ.მ-ის სანაცვლოდ და რის საფუძველზეა აღნიშნული ღირებულება დადგენილი; 

3. რა თანხაა გამოყოფილი ბიუჯეტიდან მიწების სრულად შესყიდვისთვის;

4. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მოქალაქისთვის მიუღებელია თქვენს მიერ შეთავაზებული ფასი;

5. როდის უნდა დასრულდეს მიწების გამოსყიდვის პროცესი 

ფონდისგან მიღებულ საპასუხო წერილში კითხვების დიდ ნაწილზე პასუხი არ მიგვიღია.

მგფ-ში ფასთან დაკავშირებით გვპასუხობენ, რომ უძრავი ქონების შეფასების მიზნით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს, თუმცა 1 კვ.მ რა თანხად შეაფასა სამხარაულმა არ გვპასუხობენ. 

კითხვაზე, თუ მოქალაქისთვის მიუღებელია სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გამოსასყიდი თანხა და უარზეა გაასხვისოს მიწის ნაკვეთი, გვიპასუხეს: "იმ შემთხვევაში თუ კერძო მესაკუთრისგან ვერ განხორციელდა უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვა პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ფონდი მიმართავს "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებს".

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები