2026-03-29 19:02:13
მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავში თავისუფლების მოედნის სატრანსპორტო კვანძის გაუმჯობესების პროექტირების შესყიდვისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
როგორც თანდართულ დოკუმენტებში ვკითხულობთ, კომპანია, რომელიც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას მოამზადებს, უნდა გაითვალისწინოს:
- არსებული რთული სატრანსპორტო ვითარების (დაბალი გამტარუნარიანობა, მუდმივი შეფერხებები დღის უმეტეს მონაკვეთში) განმუხტვის მიზნით, მოძრაობის ორგანიზების ახალი, მასშტაბური სქემის შემუშავება.
- საგზაო ინფრასტრუქტურის გეომეტრიული პარამეტრების ფუნდამენტური ცვლილება, რაც დასაშვებად მიიჩნევს ახალი გამყოფი კუნძულების მოწყობასა და, საჭიროების შემთხვევაში, შუქნიშნებით რეგულირებადი სისტემის დანერგვას.
- მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვა.
- ქვეითთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა, ასევე საზოგადოებრივი და კერძო სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების ოპტიმიზაცია.
- მოედანზე არსებული ურბანული ინფრასტრუქტურის გადაგეგმარება: „პიაცას“ ტერიტორიის ნაწილის შენარჩუნება და მისი ტექნიკური ადაპტაცია ახალ სატრანსპორტო სქემასთან.
- არაფუნქციონირებადი შადრევნის ტერიტორიის რეორგანიზაცია.
- საპროექტო არეალში არ არის სავალდებულო ველობილიკებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების (Bus Lane) ინტეგრაციის გათვალისწინება.