რა სამედიცინო სერვისები დაუფინანსდებათ რუსთაველებს

2025-06-20 14:04:50

რუსთავის მერია მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას აგრძელებს. 

"ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 წლის განმავლობაში (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და ესაჭიროებათ ავთვისებიანი სიმსივნეების (დაავადებების კოდი C00-C97 D00-D09) დიაგნოსტიკა და ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, კარდიოქირურგიული და გეგმიური ქირურგიული სამედიცინო მომსახურება (ლითოტრიფსია და გადაუდებელი ანგიოქირურგიული ოპერაცია ICD 10-ით განსაზღვრული დაავადების კოდებით I 70.2; I 71; I74), კომპიუტერული გამოკვლევები 0-70 000 ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის.

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ასევე:

ავასტინის ინტრავიტრეალური ინექცია -ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს 900 ლარის ოდენობით; 

ზოგადი სიმსუქნე (E66) დიაგნოზის მქონე მოქალაქეების დაფინანსება;

G40 დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარების ელექტროენცეფალოგრაფიის (ეეგ კვლევა) დაფინანსება ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით, ხოლო ბენეფიციარებისთვის, რომლებიც ირიცხებიან სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 150000 ქულის ჩათვლით, არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით. 

გადაუდებელი კარდიოქურურგიული ოპერაციის და გადაუდებელი ანგიოქირურგიული ოპერაციის (I 70.2; I 71; I74) შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა  უნდა მიმართოს განცხადებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას პაციენტის საავადმყოფოდან გამოწერამდე ან გამოწერიდან 5 დღის ვადაში და წარუდგინოს მოქალაქესა და პაციენტს შორის გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ დოკუმენტი, მითითებული გადასახდელი თანხის ოდენობის ჩვენებით. 

საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი", - ნათქვამია მერიის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.