რუსთავში, 10-მდე მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ადასტურებენ.
როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მასწავლებლების ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რამდენიმე სკოლის რამდენიმე კლასში კი, სწავლა განახლდება დისტანციურ რეჟიმში.
"აქტიურად მიმდინარეობს პედაგოგთა ტესტირება და ვისაც დაუდასტურდება იმათი საგნები გადავლენ ონლაინ სწავლებაზე. დაახლოებით, 10-მდე მასწავლებელს აქვს დადასტურებული ამ დროისთვის. გააჩნია ეს მასწავლებელი დაწყებითი საფეხურისაა თუ კონკრეტული საგნის, რამდენ კლასში შედის და რა სიხშირით. ყველა სკოლას ექნება თავისი ინდივიდუალური გეგმა, იქნება დაწერილი ბრძანება, ჰიბრიდულ მეთოდზე გადასვლასთან დაკავშირებით და იქნება მითითებული, ვინ რატომ გადადის", - აცხადებს თამარ ხეჩიკაშვილი.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.