ხმაური რუსთავში, დავით გარეჯის N1-ში [video]

2024-04-23 20:22:32

რუსთავში, დავით გარეჯის N1-თან ხმაური იყო.

სიტყვიერი დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მუნიციპალურმა ინსპექციამ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ მიწაზე მოსახლეობის მიერ უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიაზე არსებული რკინის კონსტრუქციების აღება დაიწყეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს, მათი საცხოვრებელი კორპუსი, ექსპერტიზის დასკვნით, ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. მათი თქმით, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში იყვნენ მისულები და დახმარება ითხოვეს, თუმცა უარი მიიღეს.

უარის მიღების შემდეგ კი პროტესტის ნიშნად კორპუსების მიმდებარედ არსებულ ტერიტორია უკანონოდ შემოღობეს.

"4 წელიწადია ვითხოვთ კორპუსის გამაგრებას. ჩატარდა ექსპერტიზა და მოვიდა პასუხები, რომ დასანგრევია. ვიყავით გუბერნატორთან, მანაც გვითხრა, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ ეს შენობა დასანგრევია და ზედმეტად ერთი სკამიც არ შეიტანოთო. ამ 4 წლის მანძილზე არანაირი ყურადღება არ მოუქცევიათ. ვიყავით ინფრასტრუქტურის სამსახურშიც, მოგვთხოვა 20 000 ლარი შეაგროვეთო. ამ ეზოში ცხოვრობს გაჭირვებული სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომელსაც მასხრად იგდებენ და 20 000 ლარი როგორ შევაგროვოთ...

პროტესტის ნიშნად, თავი რომ ვიგრძნოთ უსაფრთხოდ დავიკავეთ ეს ტერიტორია, ან ვაგონს ჩავდგამთ, ან კარავს, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ.

თუკი მოგვცემენ გარანტიას, გაგვიყვანენ ჩვენ ქირით, ამ კორპუსს დაანგრევენ, ააშენებენ ახალს და ყველას დაგვაკმაყოფილებენ ჩვენით ავიღებთ ამ ღობეებს",- განგვიცხადა ადგილობრივმა.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა რუსთავის მერიაც და განცხადება გაავრცელეს.

რუსთავის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, მოქმედებს კანონის შესაბამისად და რეაგირების გარეშე არ დატოვებს, სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტებს.
გარეჯის ქუჩა N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს მუნიციპალური ინსპექცია სახელმწიფო მიწის უკანონო შემოღობვის ფაქტის აღმოსაფხვრელად, კანონის შესაბამის ზომებს იღებდა, საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნანა შატბერაშვილმა, შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა და წაახალისა მათ მიერ კანონის დარღვევის და სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტი.  ნაციონალურ მოძრაობას,  უკანონობის წახალისებაში ეხმარებიან და ასევე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით არიან  დაკავებულნი პარტია ,,საქართველოსთვის" წარმომადგენლები: საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თავის  ორ თანაპარტიელთან ერთად.

დავით გარეჯის ქუჩაზე არსებულ კორპუსებში, უკანონოდ მითვისებული ბინები საქართველოს მთავრობის და რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად აქვს გადაცემული  იქ მცხოვრებ 100-ზე მეტ ოჯახს. მათ შორის, იმ  ქალბატონებსაც, რომლებიც დღეს  მუნიციპალურ ინსპექციას  არ აძლევდნენ კანონიერი ქმედების განხორციელების საშუალებას. 

ეს ადამიანები,  ნაციონალური მოძრაობის წევრების წაქეზებით არღვევენ კანონს და ცდილობენ უკანონოდ მიითვისონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა.  

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის იმოქმედებს კანონის შესაბამისად. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტების პროვოკაციულ დაპირებებს და ნუ დაარღვევენ კანონს”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები