რა ეღირება ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშის ბილეთები

2024-04-01 17:49:06

უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების ბილეთები გამოჩნდა.

 

ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს პეროდში იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს და F ჯგუფში მეტოქეებად თურქეთი (18 ივნისს, დორტმუნდში), ჩეხეთი (22 ივნისს, ჰამბურგში) და პორტუგალია (26 ივნისს, გელზენკირხენში) ეყოლება.

სამივე მატჩზე ხუთი კატეგორიის ბილეთებია გამოტანილი. ყველაზე იაფი კატეგორიაა ე.წ. "Fans First" (კარის უკან) და მათი ფასი 30 ევროდან იწყება. მე-3 კატეგორიის ბილეთები 60 ევრო ღირს, მე-2 კატეგორია – 150 ევრო, მე-3 კატეგორია – 200 ევრო, ყველაზე ძვირი კი პრემიუმ კატეგორიის ბილეთებია, რომელთა ფასიც 400 ევროა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი 14 ივნისს მიუნხენში გაიმართება, ფინალი კი 14 ივლისს ბერლინშია დაგეგმილი. საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე 51 მატჩი გაიმართება და 2.7 მილიონი ბილეთია გასაყიდი.

ბილეთის მფლობელს შეუძლია, კონკრეტულ თამაშზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მივიდეს/წამოვიდეს - თამაშის გარშემო 36 საათის განმავლობაში. ბილეთის მფლობელს ასევე ფასდაკლება ექნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც - მაგალითად, სწრაფმავალი მატარებლის, ICE-ს ბილეთებს (მეორე კლასი) 30 ევროზე იაფად შეიძენს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ორიოდ დღის წინ დაადასტურა, რომ ბილეთების რეალიზაცია უეფა-ს ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფა-სგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.