რა ხდებოდა მკვლელობის პირველ წუთებში ბაზრის შიდა ტერიტორიაზე [video]

2024-02-09 20:49:25

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზარში მომუშავეების განცხადებით, მამაკაცს, რომელმაც 4 ადამიანი მოკლა, 1 კი დაჭრა, გამოხატული ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია. [ვიდეო/video]

როგორც ბაზარში მომუშავეები ამბობენ, მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავების მიერ დაკავებული ახალგაზრდა კაცი დაახლოებით, ორი თვის წინ, აგრარულ ბაზარში თავადაც მუშაობდა და ბიძას ეხმარებოდა. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მას მოვაჭრეების დიდ ნაწილთან დადებითი ურთიერთობა ჰქონდა.

"ინფო რუსთავს" ოჯახის ახლობელი უყვება, რომ ბრალდებულს მამა გარდაცვლილი ჰყავდა და ის ბიძამისის გაზრდილი იყო. მათ შორის წარსულში რაიმე კონფლიქტის არსებობის შესახებ კი ნათესავებსა და ახლობლებს ინფორმაცია არ აქვთ. სწორედ ამიტომ, მკვლელობის ზუსტ მოტივზე საუბარი, ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

მოკლულია ბაზარში დასაქმებული 3 მოვაჭრე და 1 ტაქსის მძღოლი. როგორც გვიყვებიან, ტაქსის მძღოლი შემთხვევის ადგილზე ხორცის სექციაში დასაქმებულ ძმასთან სასაუბროდ იმყოფებოდა.

ე.წ. სტამბულის ბაზართან დილის საათებიდან პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზება იყო. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების არაერთი ეკიპაჟი. ექიმებმა გაუწიეს კიდეც სამედიცინო დახმარება რამდენიმე დაჭრილს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება 26 წლის კაცს, რომელიც ჭრილობებით "კლინიკა რუსთავშია" მოთავსებული, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.

დაკავებულს ბრალს უახლოეს 48 საათში წარუდგენენ.

კადრები, რომელსაც თქვენ "ინფო რუსთავზე" ექსკლუზიურად ნახავთ, მკვლელობის პირველივე წუთებში, ბაზრის შიდა ტერიტორიაზეა გადაღებული.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები