ჰამბურგის აეროპორტიში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა

2023-11-05 12:44:24

ჰამბურგის აეროპორტში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ მამაკაცს მძევლად 4 წლის გოგონა ჰყავს აყვანილი, სამართალდამცავები შესაბამის ოპერაციას ახორციელებენ, რის გამოც, ავიარეისები გაუქმდა.

ინფორმაცია აეროპორტის ვებგვერდზეა განთავსებული.

"გუშინ, საღამოს 8:24 საათიდან ჰამბურგის აეროპორტში, პოლიციის ოპერაციის გამო, ფრენების შეჩერება გახდა საჭირო. პოლიციის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ფრენები გაურკვეველი ვადით შეჩერდება. ამ შეფერხების შედეგად დღეს მთელი დღის განმავლობაში ავიარეისების არაერთი გაუქმება და შეფერხება იქნება, დილით, პირველი რეისები უკვე გაუქმდა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, შეამოწმონ თავიანთი ავიარეისის სტატუსი და საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ თავიანთ ავიაკომპანიას ან ტუროპერატორს.

„პოლიცია ითხოვს, რომ მგზავრები, ამ დროისთვის, აეროპორტში არ მივიდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამბურგის აეროპორტში, შეიარაღებულ მამაკაცს 4 წლის გოგონა მძევლად ჰყავდა აყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მამაკაცის შვილია და საქმე მასა და ბავშვის დედას შორის მეურვეობასთან დაკავშირებულ დავას ეხება.