"ვზღუდავთ არალეგალურ მიგრაციას გერმანიაში"

2023-10-23 15:44:05

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის მიზნებზე საუბრობს.

შოლცის თქმით, გერმანიამ გაამკაცრა კონტროლი საზღვრებზე და სურს შეამციროს ქვეყანაში არარეგულარული მიგრაციის სტიმული.

კანცლერი ამბობს, რომ გერმანია ამიერიდან უფრო მეტად განასხვავებს, ვინ შემოდის ქვეყანაში და ვის აქვს დარჩენის უფლება.

"ერთი მხრივ, არის მუშახელის იმიგრაცია, რომელიც ჩვენ გვჭირდება. და არიან ისეთებიც, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ, რადგან ისინი პოლიტიკური ჩაგვრის სამიზნეები არიან. ისინი, ვინც ამ ჯგუფებს არ მიეკუთვნებიან, ვერ დარჩებიან ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვზღუდავთ არალეგალურ მიგრაციას გერმანიაში. ძალიან ბევრი ხალხი მოდის“, — განაცხადა შოლცმა და დასძინა, რომ ამ რიცხვების შემცირებას „ღონისძიებების მთელი პაკეტის მეშვეობით“ აპირებს.

"ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად მივიჩნევთ. ორივეს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ არ არის დამაჯერებელი ამ ქვეყნებში სისტემური ჩაგვრა ვივარაუდოთ. ჩვენ ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლებმა ადამიანმა შეძლოს ევროპაში შემოსვლა. და ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ ქვეყანაში, სადაც თავდაპირველად შევლენ და არა უბრალოდ გამოგზავნონ გერმანიაში. სანაცვლოდ, ისინი სამართლიანად გადანაწილდებიან მთელ ევროპაში. იმედია, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს“, — განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვა და დეპორტაციის პროცედურები უნდა დაჩქარდეს — ქვეყანა უნდა დატოვონ მათ, ვინც ვერ დაასაბუთებენ დაცვის საჭიროებას.

"სასამართლო პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ ფედერალურ მხარეში დეპორტაციის საქმეებზე თავდაპირველი გადაწყვეტილებები ოთხი თვის შემდეგ მიიღება, ხოლო ზოგში ამას 39 თვე სჭირდება. ეს მიუღებელია. უფრო ხშირად და სწრაფად უნდა გავაკეთოთ დეპორტაცია“, — დასძინა შოლცმა.

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა მიმდინარე წლის ზაფხულში.

უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების განაცხადი გერმანიაში თავშესაფრის მიღების თაობაზე დაჩქარებული წესით იქნება განხილული და ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, რომ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფარს მიიღებენ.

საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება გერმანიაში ჯერ კიდევ 2018 წელს სურდათ, რისკენაც ბერლინს ოფიციალური თბილისიც მოუწოდებდა. მაშინ საქართველო ნუსხაში ვერ მოხვდა.