მეტრო: რუსთავი-გაჩიანი-ლილო-ისთ ფოინთი-სამგორი

2017-06-26 14:06:09

შესაძლოა, რუსთავი და თბილისი ერთმანეთს მიწისზედა მეტროს საშუალებით დაუკავშირდეს. ამის შესახებ თბილისის მერიის დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ ისაუბრა. მამუკა მუმლაძე "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განხორციელდება, იქნება შესაძლებლობა, რომ თბილისი მიწისზედა სარკინიგზო ტრასნპორტით რუსთავს დაუკავშირდეს. მისი თქმით, ამ მარშრუტზე ძალიან დიდი მგზავრთნაკადია, ამ სახის სატრანსპორტო საშუალება კი დედაქალაქის განტვირთვას შეუწყობს ხელს. „არსებული სალიანდაგო ხაზი მიდის რუსთავამდე, იქ კი რჩება 1 კილომეტრამდე მონაკვეთი, რომლის დაკავშირება რუსთავთან ერთი ხიდით იქნება შესაძლებელი და შედეგად მიწისზედა მეტრო ან ტრამვაი თბილისიდან რუსთავამდე ჩავა. ტრანსპორტი იმოძრავებს მარშრუტით - რუსთავი-გაჩიანი-ლილო-ისთ ფოინთი-სამგორი. სამგორის მეტროსთან გაკეთდება ჰაბი, სადაც მოხდება მგზავრების გადაჯდომა, რის შემდეგაც მათ შეეძლებათ სასურველი მიმართულებით წასვლა“ - განაცხადა მამუკა მუმლაძემ. მისი თქმით, ყველანაირი რესურსის არსებობის შემთხვევაში ამ ყველაფრის განხორციელება 1 წელიწადში იქნება შესაძლებელი. მგზავრობის საფასური იმ ტარიფთან შედარებით, რაც ამჟამად რუსთავიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილებაზეაა დაწესებული, გაცილებით იაფი იქნება. ჯერჯერობით, პროექტი განხილვის ეტაპზეა და მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაოები.