შავ-თეთრიდან ფერადამდე

2019-04-27 00:04:43

ბუნების კანონზომიერება, რომ ადრე თუ გვიან ყველანი მოვკვდებით, ჯერჯერობით უცვლელია, თუმცა შეიცვალა გარდაცვალების ფორმა და სიკვდილთან დაკავშირებული ბევრი დეტალიც.

დროთა განმავლობაში ცვლილებები განიცადა ადამიანის "საიიქიო ცხოვრებაში" გაცილების წესებმა და ალბათ, ყველაზე მეტად გარდაისახა გარდაცვლილის იმქვეყნად ცხოვრების ამქვეყნიური გამოვლინებები.

რას შეიძლება ვუწოდოთ იმქვეყნიური ცხოვრების ამქვეყნიური გამოვლინება თუ არა სასაფლაოს, ჩვენი ყველას მომავალ და მუდმივ სამყოფელს, რომელიც აღარაა ისეთი შიშისმომგვრელი და აღარც ისეთი შავი, როგორიც ის რამდენიმე ათეული წლის წინ იყო.

სიკვდილის ფერმა, რომელიც სასაფლაოებზე იყო გამეფებული, ნელ-ნელა გაღიავება, გახალისება და სხვა ფერებში გადასვლა დაიწყო.

არ იცვლება ბუნების კანონზომიერება, თუმცა იცვლება ტენდენციები.

ადრე თუ ადამიანის სამუდამო განსასვენებელი ადგილი სიკვდილზე უფრო შავი და შემზარავიც კი იყო, ახლა სასაფლაომ გაფერადება დაიწყო.

თუ რუსთავის სასაფლაოში რამდენიმე წუთს მაინც დაჰყოფთ, იოლად შეამჩნევთ, რომ საფლავის ქვაზე გამოსახული შავ-თეთრი სურათების რაოდენობამ ნელ-ნელა იკლო , ბოლო რამდენიმე წელია კი, მომრავლდა გარდაცვლებულთა ქვებზე გამოსახული ფერადი ფოტოები. ალბათ ფიქრობენ რომ გაფერადებული სასაფლაოც უფრო მეტად სძენს გარდაცვლილის სულს უკვდავების სიმბოლოს.

იშვიათად შეხვდებით ჟანგისგან შეჭმულ რკინის კონსტრუქციებსაც, როემლითაც ძირითადად გასულ საუკუნეში იყო სასაფლაოები შემოსაზღვრული, ახლა რკინის ჩანაცვლება ქვით მოხდა და შეიძლება ითქვას, რომ სფლავების 90% გარს ერთი სტილის, ბაზალტის ღია მასიური ქვა აქვს შემოვლებული.

ყველა შეძლებისდაგვარად აწყობს თავისი ოჯახის წევრის, ნათესავის, მეგობრის, ახლობლის თუ საყვარელი ადამიანის სამუდამო განსასვენებელს და ცდილობს, რომ პატივისცემაც, სიყვარულიც, მონატრებაც, ტკივილიც, სინანულიც და ზრუნვაც ერთ პატარა ოთხკუთხედში, მიწის სულ პატარა მონაკთში მისებურად ჩადოს.

ზოგს არა აქვს შესაძლებლობა დანაკლისი და სიყვარული გრანიტის ქვით ან შავი მარმარილოთი გამოხატოს, თუმცა არსებობს დეტალები, რომლებზეც ხელი ნებისმიერ ადამიანს მიუწვდება და მდიდარსაც თუ ღარიბსაც, საშუალებას აძლევს საყვარელი ადამინის ხსოვნას პატივი მიაგოს.

ყვავილი-ცოცხალი ნარგავები, რომელსაც ჭირისუფალი ყოველ მეორე დღეს ან თუნდაც ყოველდღე აკითხავს მოსარწყავად რუსთავის სასაფლაოებზე უკვე ხარობს.

სასაფლაოებზე შეხვდებით ხელოვნურ დეკორაციებსაც, ათასნაირ, ფერად და ჭრელ ყვავილს, რომელიც მორწყვისა და მოვლა-პატრონობის გარეშე ამსუბუქებს იქ არსებულ მძიმე აურას.

წუთისოფელში "სამუდამო სახლმა" მრავალგზის ტრანსფორმაცია განიცადა. ახლა ეს სახლი ყველაზე ფერადი და ყველაზე ახლოა სიცოცხლესთან, ვიდრე ოდესმე იყო.

რკინის ჟანგმოკიდებული კონსტრუქციები შეიცვალა, რელიგიური სიმბოლიკა უფრო გამრავალფეროვნდა, ხის ან რკინის მაგიდა და სკამები ქვით ჩანაცვლდა, ყვავილებიც უფრო გაიფურჩქნა და რაც მთავარია, "სიკვდილისფერმა" სურათებმა სიცოცხლის ფერებში გარდასახვა დაიწყო.

ბლოგის ავტორი თამუნა აჩეჩილაძე

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები