პოლიციამ მამა-შვილი დააკავა

2019-03-20 10:37:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს, საიდანაც თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

პოლიციამ გ.შ და ე.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავა. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.