წითელას შემთხვევები იზრდება

2019-01-18 14:25:51

საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად იმატებს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, პირველი ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მოიმატა წითელას რაოდენობამ და საქმე გვაქვს სერიოზულ ეპიდაფეთქებასთან.

ინფო რუსთავი დაინტერესდა რა მდგომარეობაა ამ მხივ რუსთავში. როგორც ინფექციონისტმა, ნანა გელაშვილმა ინფო რუსთავთან საუბრისას განაცხადა, წითელათი მომართვიანობის შემთხვევები საავადმყოფოში გაზრდილია, თუმცა არ არის საგანგაშო. ჩვენ ასევე დავუკავშირდით ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორს, ნატო თოფურიას, რომლის თქმითაც, საავადმყოფოში მკურნალობას მხოლოდ 1 პაციენტი გადის.

ამირან გამყრელიძის თქმით, წითელა მხოლოდ იმუნიზაციას ემორჩილება. წითელა ემართება იმ ადამიანებს, ვისაც არ გადაუტანიათ ეს დაავადება ან არ გაუკეთებიათ აცრა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, იმუნიზაციის გარეშე წითელას შემთხვევების რაოდენობის ზრდის შეჩერება ვერ მოხერხდება.

„ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიმართოს პოლიკლინიკას და აიცრას სრულიად უფასოდ. მოვუწოდებ მშობლებს, გაიხსენონ აქვთ თუ არა მათ შვილებს წითელას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული. თუ არ აქვთ, აცრან ბავშვები. ასევე, 20-40 წლის მოქალაქეებს თუ არ გადაუტანიათ წითელა ან თუ არ აქვთ აცრა გაკეთებული, მიმართონ პოლიკლინიკებს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.