სკოლაში ჟურნალი დაიკარგა

2018-12-15 12:42:48

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ნიშნების ჟურნალი დაიკარგა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით, ჟურნალი იმ მოსწავლეებმა გაანადგურეს ვისაც წლის მანძილზე მასწავლებლების მხრიდან დაბალი შეფასება ჰქონდა.

"პოლიციასთან გასაუბრების საფუძველზე ორმა მოსწავლემ აღიარა, რომ ნიშნების ნახვა უნდოდათ, შემდეგ მოუვიდათ გამოქაჩვის მომენტი და რომ გაეხათ შიშით ვეღარ გამოაჩინეს. ბოლოს სკოლის გარეთ გაუტანიათ და იმ ადგილას ვეღარ იპოვეს. რა მოხდება და რას დავაპირებთ ამას შიდა კომიტეტში განვიხილავთ და მაგის საფუძველზე გადავწყვეტთ", - აცხადებს სკოლის დირექტორი.

"ინფო რუთავი" აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. "ჟურნალის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას მივაწვდით განათლების სამინისტროს, სამინისტრო დაიწყებს შიდა მოკვლევას და ამის შემდეგ  გვეცოდინება რა ზომები იქნება მიღებული", - განაცხადა ნინო გვარამიამ.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მიმდნიარეობს ფაქტის შესწავლა".

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ, ჟურნალის დაკარგვა დაზიანება დისციპლინარულ გადაცდომას და სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს.

დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სიტყვიერი გაფრთხილება, შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, ისე ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება ან სამსახურიდან გათავისუფლება.

საკლასო ჟურნალი უნდა ინახებოდეს სკოლის დირექციაში გარეშე პირთა და მოსწავლეებისაგან დაცულ ადგილას, ხოლო მასწავლებელი კი ვალდებულია თავისი გაკვეთილის დასრულების შემდეგ, ხელიდან ხელში გადასცეს საკლასო ჟურნალი მომდევნო საგნის მასწავლებელს ან დამრიგებელს. აღნიშნული პირების ადგილზე არყოფნის შემთხვევაში კი მასწავლებელი ვალდებულია იგი ჩააბაროს დირექტორის მოადგილეს. როგორც წესი, საკლასო ჟურნალების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი სწორედ დირექტორის მოადგილეა.

 

ფოტო არ ასახავს რეალობას