კოღოს ნაკბენით 17 ადამიანი დაიღუპა

2018-09-02 14:31:55

საბერძნეთში კოღოს მიერ გავრცელებული ვირუსით 17 ადამიანი დაიღუპა. საბერძნეთის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კოღოებს საშიში ვირუსი გადააქვთ, რომელიც დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელების სახელით არის ცნობილი. დაავადების სიმპტომებია ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობა, ღებინება და ზოგჯერ გამონაყარი. ვირუსი ადამიანის ნერვულ სისტემას აზიანებს და შეუძლია გამოიწვიოს ენცეფალიტი, მენინგიტი ან დამბლა.

ათენის სამედიცინო ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.

დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელებით ინფიცირების შემთხვევები ძირითადად აფრიკასა და ცენტრალურ მაკედონიაში დაფიქსირდა. თუმცა ვირუსი ასევე გმოჩნდა ევროპის ქვეყნების ნაწილშიც, მათ შორის იტალიაში, რუმინეთსა და უნგრეთშიც. აღნიშნული დაავადებით ინფიცირების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა ისრაელშიც. მედიკოსების განცხადებით, ინფიცირების შემთხვევებმა წინა წლებთან შედარებით მოიმატა.

აფრიკული ვირუსის ევროპაში გავრცელებას გადამფრენი ფრინველებიც უწყობენ ხელს.

აღნიშნულ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.