შეუჩერდა თუ არა "რვალს" ავტორიზაცია
2018-07-12 22:33:55

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 7 უმაღლესი სასწავლებელი გაუქმდა. მათ შორის მოხვდა რუსთავის შპს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი.

ინფო რუსთავი დაუკავშირდა სასწავლებლის რექტორს, გულქან ქმოსტელსაც, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მათ თავად მოითხოვეს უმაღლესი სასწავლებლის სტატუსის შეჩერება. მისი თქმით, სასწავლებელმა ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილით მიმართა. გულქან ქმოსტელის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის უმაღლესი სასწავლებლის სტატუსის შეჩერების მოთხოვნის მიზეზი ახალი პროგრამების და საგნების, კერძოდ საჯარო მმართველობის დამატება გახდა.

როგორც განათლების სამინისტრომ "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა, ექვთიმე თაყაიშვილის უნივერსიტეტს სექტემბერში ავტორიზაციის ვადა ეწურება. სტუდენტებმა, რომლებიც ამ უნივერსიტეტში მოხვდებიან უნდა ისარგებლონ მობილობის სისტემით. სექტემბერში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ექნება საშუალება, მიმართოს განათლების სამინისტროს ავტორიზაციის მინიჭების მოთხოვნით, რასაც ისინი 180 დღის (6 თვე) განმავლობაში განიხილავენ, რის შემდეგაც მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

უმაღლესი სასწავლების სტატუსი ასევე დაკარგეს: შპს ამერიკის ბიზნესის აკადემიამ, შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიამ, შპს წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტმა „ჰიპოკრატე“. კოლეჯად გადაკეთების სურვილი გამოთქვეს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ და შპს საქართველოს ბიზნეს აკადემია - SBA-მ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შპს ინტერბიზნესის აკადემიამ თავად თქვა უარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსზე და პროფესიულ კოლეჯად გადაკეთდა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საგანმანათლებლო კავშირმა „საზოგადოება ცოდნა“.