"ინციდენტი მოხდა ბორტზე, რის გამოც მათ უარი ეთქვათ მგზავრობაზე" [VIDEO]
2018-05-16 19:15:42

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრსა და მერიის წარმომადგენელს თვითმფრინავი დაატოვებინეს.

10 მაისს დილის 06:00 საათზე ლევან ონიანი, გიგა ჯღარკავა და პაატა პაპელიშივილი ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა ისინი რეისიდან მოხსნეს.

როგორც "ინფო რუსთავს" "ლოტ პოლონეთის ავიახაზებში" განუცხადეს, მგზავრების ბორტიდან მოხსნა იმ შემთხვევაში ხდება, თუ ისინი საფრთხეს უქმნიან ფრენას და სხვა მგზავრების უსაფრთხოებას.

"კონკრეტულად ვინ იყვნენ, რა პიროვნენები იყვნენ ჩემთვის დღემდე ცნობილი არ იყო. მათი ბორტიდან მოხსნის მიზეზი რა არის ჩემთვის ესეც უცნობია, იმიტომ, რომ უშუალოდ მე მანდ არ ვიმყოფებოდი, ეს იყო ხომალდის მეთაურის და ეკიპაჟის გადაწყვეტილება. რაღაც გარკვეული ინციდენტი მოხდა ბორტზე, რის გამოც მათ უარი ეთქვათ მგზავრობაზე.

ზოგადად მგზავრების არ დაშვება რეისზე ხდება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრები უქმნიან პრობლემას სხვა მგზავრებს ან ეკიპაჟის წევრებს და არსებობს იმის საშიშროება, რომ პრობლემა იყოს ფრენისას. ბევრი მიზეზია, ეს შეიძლება იყოს ნასვამი, არაადეკვატური, შეიძლება გამოხატავდეს აგრესიას, შეიძლება ბილწსიტყვაობდეს. ეს არის ეკიპაჟის გადაწყვეტილება, თუ ისისნი თვლიან, რომ ნებისმიერი მგზავრი უქმნის საფრთხეს ფრენას და სხვა მგზავრებს, მაშინ მგზავრი იხსნება რეისიდან" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბარში  "ლოტ პოლონეთის ავიახაზების" მენეჯერმა გიორგი ლიპარტელიანმა.

როგორც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, აცხადებს, რუსთავის დელეგაციის წევრებმა ბორტზე ასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე 50-50 გრამი ვისკი მიიღეს.

"ჩვენ ჩვეულებრივად გავიარეთ საბაჟო პუნქტი, შევედით თვითმფრინავში მე და გიორგი ჯღარკავა, უკვე ვემზადებოდით გასაფრენად, როდესაც შევამჩნიეთ, რომ ბატონი პაატა არ იმყოფებოდა ბორტზე, ამის მოსაკითხათ მივედით, ის იდგა შესასვლელთან. რომ ვიკითხეთ რა ხდებოდა, გვითხრეს, რომ ვერ შეუშვებდნენ, არ მოეწონათ მისი ფერი. დადასტურდა, რომ მართლაც პაატა თავს გრძნობდა ძალიან ცუდად. ჩვენ ვიკითხეთ "არის ეს მიზეზი არ წავიდეს დელეგაცია?" გვითხრეს, რომ ბორტის უფროსს აქვს უფლება ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება, ამ ახსნა-განმარტების შემდეგ უკომენტაროდ დავტოვეთ ტერიტორია. ნამდვილად არ ვიყავით ნასვამ მდგომარეობაში, ძალიან კარგი იქნებოდა, როდესაც ბატონმა გიორგი მოითხოვა ჩაეტარებინათ ალკოკოტესტი ბატონი პაატასთვის და ჩვენთვისაც. მათ ელემენტარულად არ აღმოაჩნდათ ალკოკოტესტი." - განაცხადა ონიანმა.

საკრებულოს თავმჯდომარის ვრცელი კომენტარი ნახეთ ვიდეოში.