სწავლის შეწყვეტა ქორწინების გამო
2018-04-14 17:46:58

2017 წელს სკოლაში სწავლა 75-მა მოზარდმა შეწყვიტა, 835 არასრულწლოვანი კი მშობელი გახდა.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ადრეულ ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარასა და მარნეულში დაფიქსირდა.

"სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამართალდამცავ უწყებებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის კოორდინაცია ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით, სუსტია. ამას მოწმობს ისიც, რომ სოციალური სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2017 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 98 შემთხვევა შეისწავლა.

ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა. სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება 6 შემთხვევაში დაიწყო, საიდანაც 5 შემთხვევაში შეწყდა გამოძიება, ხოლო სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს." - აღნიშნულია ანგარიშში.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე