რუსთავში რამდენი ადამიანი აცრეს ცოფიან ძაღლთან კონტაქტის გამო

2026-10-21 13:31:26

რუსთავში გამოვლენილი ცოფით ინფიცირებულ ძაღლთან კონტაქტის გამო 5 ადამიანიდან აცრა 3-ს დასჭირდა. 

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი დეკანოსიძემ განუცხადა. მისი ცნობით, რუსთავში ინფიცირებულ ძაღლთან კონტაქტის 5 ფაქტია დადასტურებული, საიდანაც რაბიოლოგის გადაწყვეტილებით აცრა სამს დასჭირდა. 

დეკანოსიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ რაიმე სახის ეჭვი აქვთ მიმართონ ანტირაბიულ განყოფილებას. 

"ინფო რუსთავის" ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ხელმძღვანელს ირაკლი ჯანგულაშვილს, რომელიც მოქალაქეებს იგივე რეკომენდაციით მიმართავს. მისი თქმით, თუ რაიმე სახის ეჭვი აქვს ვინმეს, უნდა მიმართოს ანტირაბიულ განყოფილებას. 

ჯანგულაშვილი ამბობს, რომ ძაღლიდან ადამიანზე ცოფის გადადება რამდენიმე ხერხით ხდება: კბენით, დაკაწვრით, დაზიანებულ კანზე ნერწყვის მოხვედრით, ან თვალში, პირში ან ცხვირში ნერწყვის მოხვედრით. მედიკოსის თქმით, კბენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საპნით ჩამობანა ნაკბენი ადგილის და შემდეგ მედიკოსთან კონსულტაცია. 

ცოფი არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით, ძაღლის გვერდით დგომით ან უბრალოდ შეხება/მოფერებით.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში უპატრონო ძაღლისთვის ცოფის დადასტურების შესახებ განცხადება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, რომ ძაღლი არ იყო უპატრონო ან იყო და ის ლეონიძის სკვერში 7 ოქტომბერს დატოვეს, სადაც ერთ-ერთმა ცხოველთმოყვარულმა იპოვა და ვეტ კლინიკაში წაიყვანა.