რუსთავის არტ პავილიონი გაიხსნა

2026-10-07 13:12:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, არტ პავილიონი რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან და კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად გახსნა

რუსთავში ახალი არტ პავილიონი გაიხსნა. ძველი, უფუნქციოდ დარჩენილი კულტურის სახლის ადგილზე აშენებული ახალი შენობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან და კულტურის მინისტრთან მაია ბითაძესთან ერთად გახსნა. 

არტ პავილიონის გახსნას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, საკრებულოს დეპუტატები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

არტ პავილიონის სცენა კი ერთობლივი წარმოდგენით რუსთაველი შემსრულებლების სამმა თაობამ - „თუთარჩელამ", ლაშა ნოზაძემ და „რეგიონმა", მალხაზ ხონელიძემ, ანსამბლ ,,რუსთავთან" და ,,მურო გაგოშიძის ცეკვის ლაბორატორიასთან" ერთად გახსნა.
კულტურის სახლის რესტავრაცია-მოდერნიზაციის იდეა რუსთავის მერს ნინო ლაცაბოძეს ეკუთვნის. 
შენობის რესტავრაცია არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განხორციელდა. პარალელურად, შეიცვალა და თანამედროვეობას მოერგო მისი კონცეფციაც.

განათების და გახმოვანების ულტრათანამედროვე ტექნიკით და პროფესიონალური საკონცერტო სცენით უზრუნველყოფილ დარბაზში, კლასიკური თუ კლუბური ივენთის ჩასატარებლად, საუკეთესო პირობებია შექმნილი. დარბაზი 230 მაყურებელზეა გათვლილი. ორსართულიან შენობაში მოწყობილია სხვადასხვა პროფილის სარეპეტიციო სივრცეები და პროფესიონალური ხმის ჩამწერი სტუდია. შენობის გარე პერიმეტრზე, კი ღია საზაფხულო ამფითეატრია განთავსებული. 
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 11 350 064 ლარია.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.