2026-08-20 16:27:46
2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ ხეჩიკაშვილმა განუცხადა, სასკოლო ფორმების შეძენას რუსთაველი მშობლები 1-14 სექტემბერს N7 და N18 საჯარო სკოლებში შეძლებენ.
ფორმების შეძენას ადგილზე მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორებით შეძლებთ.
"სასკოლო ფორმების შეძენა ან მიღება შესაძლებელი იქნება როგორც შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ოფიციალურ სარეალიზაციო პუნქტებსა და გაცემის ცენტრებში, ისე ონლაინ — სპეციალური ვებგვერდის საშუალებით.
ქალაქ რუსთავში სასკოლო ფორმების მიღებისა და შეძენის პუნქტები შემდეგ ორ მისამართზე იფუნქციონირებს:
• სსიპ ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლა — ქ. რუსთავი, მ. მაჩაბელის ქუჩა N3
• სსიპ ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლა — ქ. რუსთავი, პ. მელიქიშვილის ქუჩა N7
რეალიზაციის პერიოდი: 1–14 სექტემბერი
სამუშაო საათები: ყოველდღე (შაბათ-კვირის ჩათვლით), 11:00-დან 19:00 საათამდე
გადახდის წესი: ფორმის შეძენისას ანგარიშსწორება ხდება მხოლოდ უნაღდოდ ანგარიშსწორებით.
ფორმების უფასოდ (უსასყიდლოდ) გადაცემა მოხდება ზემოთ აღნიშნული პუნქტებიდან ან ონლაინმოთხოვნის საფუძველზე, ბენეფიციარის სტატუსის გადამოწმებისა და დადასტურების შემდეგ.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განისაზღვრა 6 კატეგორია, რომლებსაც ფორმები უფასოდ გადაეცემათ:
• სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია.
• მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბავშვები.
• მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული მოსწავლეები.
• მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ჩართული მოსწავლეები.
• თბილისის ბავშვთა სახლში განთავსებული მოსწავლეები.
• უკრაინელი მოსწავლეები, რომლებიც საომარი მოქმედებების გამო ჩაირიცხნენ საქართველოს საჯარო სკოლებში.
თუ მოსწავლე ბენეფიციარის სტატუსს სასწავლო წლის განმავლობაში მოიპოვებს, მშობელმა (ან კანონიერმა წარმომადგენელმა) წერილობითი დასაბუთებით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. მოთხოვნა განიხილება 10 სამუშაო დღის ვადაში.
მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
• მიზეზი: გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.
• პირობა: ნივთს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული სასაქონლო სახე, ეტიკეტი, სამომხმარებლო თვისებები და არ უნდა ეტყობოდეს გამოყენების (ტარების) კვალი",- ნათქვამია რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.