2021-11-25 17:15:03
ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით ცვლილებები ხორციელდება. მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვით, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა უნდა შეიცავდეს მოწმობის წვდომის კოდს, რომელიც უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის გამოიყენება და QR კოდს, რომლის მეშვეობით პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, სტუდენტის სტატუსი, მოქმედია თუ არა დოკუმენტი და სხვ.). ასევე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დაიტანება თითის ანაბეჭდი.
საკანონმდებლო ცვლილებით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იქნება შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები.
პროექტის თანახმად, მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე 4 წლის ვადით გაიცემა, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – 5 წლის ვადით. რაც შეეხება დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადას, ის განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით, მაგრამ 18 წლამდე პირზე გაიცემა არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე – არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ცვლილებები “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შედის.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ ინიციატივის საკომიტეტო განხილვისას განმარტა, კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული ელექტრონული დოკუმენტების საბეჭდი ტექნიკის, პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიისა და მისი ფუნქციონალის მოძველების გამო, რადგან ისინი თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობენ.