რუსთავში რომელ მისამართებზე ცვლის საკანალიზაციო სისტემას ჯივიპი

2025-07-31 12:55:50

რუსთავში საკანალიზაციო სისტემების გაწმენდა/მოწესრიგების სამუშაოები 2022 წლიდან მთლიანად "ჯივიპი რუსთავის" პასუხისმგებლობაშია გადასული.

ამ მხრივ ქალაქში რთული ვითარებაა, რაზეც ამ პრობლემის გასაშუქებლად "ინფო რუსთავისთვის" მოქალაქეების მომართვიანობაც მეტყველებს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა ამ წლის განმავლობაში რომელ მისამართებზე გეგმავს კომპანია საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას.

როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, წლის განმავლობაში წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო პროექტები 19 სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდება.

უკვე დასრულებულია რუსთაველის გამზირის N46-თან, იმერეთის ქუჩაზე, ჭყონდიდელის დასახლებაში, გრანელის ქუჩა N 7, 9, 11 და გიორგაძის ქუჩა N20-ის მიმდებარედ წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია.

მათი თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს: "მეგობრობის გამზირზე N23-27-თან, მეგობრობის გამზირის I გასასვლელისა და II გასასვლელის N3-26-თან წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია, პარალელურად გრძელდება ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების ახალი მაგისტრალის მოწყობის II ეტაპის სამუშოები, რომლის ფაგრლებშიც 2.5 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენი მოეწყობა".

ჯივიპიში ამბობენ, რომ აღნიშნულ პროექტებში ჯამურად  8 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.