ადვოკატის განმარტებით, პოლიციამ სულ 17 პირი დააკავა

2025-07-25 16:20:47

სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც პოლიციამ თვალჭრელიძის ქუჩაზე დააკავა, სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ-ერთ დაკავებულ ბიჭს ეძახდნენ „მოდი, პრინცესავ, უნდა დაგაკავოთო“, - ამის შესახებ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა

ადვოკატის განმარტებით, პოლიციამ სულ 17 პირი დააკავა, საიდანაც ნაწილი მცხეთის, ნაწილი კი კახეთის იზოლატორებში არიან გადაყვანილები. მისივე განმარტებით, ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლების პროცესი გუშინ დაიწყო. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მცხოვრებლები აღნიშნავენ, გამოსახლება კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე დღის განმავლობაში 17 პირი დააკავეს.