ინფორმაციას შსს ავრცელებს

2025-06-06 10:58:46

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დაკავებული არიან: 1999 წელს დაბადებული ვ.მ. და 1997 წელს დაბადებული ა.კ.", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 7 ლიტრზე მეტი თხევადი „კოკაინი“ და 40 გრამი "კოკაინის" კრისტალები ამოიღეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი ჰქონდათ ლაბორატორია, სადაც, თხევადი „კოკაინის“ გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებას კუსტარული წესით ამზადებდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით 20 ძირი "მცენარე კანაფი", - აღნშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.