რუსთავის მერია დეფიციტური პროფესიების წამახალისებელ პროგრამას ახორციელებს

2025-04-15 18:00:52

რუსთავის მერია დეფიციტური პროფესიების წამახალისებელ პროგრამას ახორციელებს

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერიის და კოლეჯ "მოდუსის" ერთობლივ პროგრამაში ჩართულ რუსთაველებს, რომლებმაც "სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის" საგანმანათლებლო კურსი გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა.

რუსთავის მერთან ერთად, საგანმანათლებლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილმა, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ბუსხრიკიძემ და კოლეჯ "მოდუსის" დირექტორმა ნინო ქავთარაძემ გადასცეს.

"რუსთავის მერიის გუნდი დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობას, აქტიურად ვაგრძელებთ. დღეს სერტიფიკატები გადავეცით 30 რუსთაველს, რომელთაც კოლეჯ "მოდუსში" "სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის" საგანმანათლებლო კურსი დაასრულეს. მათ ინკლუზიური განათლების მიმართულებით გაიარეს გადამზადება, რაც ბუნებრივია ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროგრამა, რომელიც ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას, დასაქმებას და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის მაღალკვალიფიციური სერვისის მიწოდებას ისახავს მიზნად, რუსთავის მერიამ 2025 წლიდან აამოქმედა და კოლეჯ "მოდუსის" დეფიციტურ სასწავლო პროგრამებში  ჩართულ რუსთაველებს, ყოველთვიურად 200 ლარიან სტიპენდიას უფინანსებს.                                                                                                                                                                                                                                                                                                                           

დეფიციტური პროფესიების წამახალისებელი პროგრამის განხორციელება, რუსთავის მერიამ, 2024 წელს დაიწყო და პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებში ჩართულ რუსთაველებს, ყოველთვიურად, 100 ლარის ოდენობის სტიპენდიას უფინანსებდა. 2025 წლიდან, კი 100 ლარიანი სტიპენდია გაორმაგდა, პრიორიტეტულ სასწავლო კურსებს, კი "სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის" პროგრამაც დაემატა.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.