ჟურნალისტური გამოძიებით მხილებული თაღლითური ქოლ-ცენტრის, A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს პროკურატურამ უძრავი ქონება დაუყადაღა - ამის შესახებ სტუდია მონიტორი წერს.
საჯარო რეესტრს ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 13 მარტს მიმართა.
აი,ფაქტის ჟურნალისტურ გამოძიებაში ნათქვამია, რომ გამოძიებისას იდენტიფიცირებულ თაღლითებს, სუს-ს და პროკურატურას კითხვები გაუგზავნეს. კითხვების მიღების შემდეგ "სკამერებმა" სოციალური მედიის ანგარიშები დახურეს/წაშალეს, ხოლო კომპანიის ოფიციალური მფლობელმა, მერი შოთაძემ მის სახელზე გაფორმებული ყველა ქონება გაასხვისა.
სტუდია მონიტორის ცნობით, დაყადაღებულია:
აკაკი ქევხიშვილის უძრავი ქონება, კომპანიის წილი და დედის სახელზე რეგისტრირებული ქონება.
მერი შოთაძის კომპანიის წილი და უძრავი ქონება, რომელიც მან 25 თებერვალს გადააფორმა სხვა პირზე.
ლანა ვახტანგაძის სახელზე რეგისტრირებული პარკინგი თბილისში.
თახირ სულთანოვის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ბინა თბილისში.
თაღლითური ქოლ-ცენტრის, A.K. GROUP-ის საქმიანობის გამოაშკარავება საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოხდა. გამოძიებაზე ქართული მედიები სტუდია მონიტორი და აი, ფაქტი მუშაობდა.
თბილისის ცენტრში, საბურთალოზე მოქმედ ორ ქოლ-ცენტრში 80-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლამდე მათ 6 100-ზე მეტ უცხოელ მსხვერპლს 35 მილიონი დოლარზე მეტი გამოსძალეს.
საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრის უკან შპს A.K. Group დგას. კომპანიის ოფიციალური მფლობელი 36 წლის მერი შოთაძეა. ის მართავს უცხო ენების მცოდნე ახალგაზრდების ჯგუფს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად ძარცვავს.
· აღმოჩნდა, რომ ამ პროცესს შოთაძესთან ერთად მართავს მისი ბიზნეს-პარტნიორი, 33 წლის აკაკი ქევხიშვილი.
· A.K. Group ცდილობს საჯაროდ არსად გამოჩნდეს: არც ინტერნეტში აქვთ ინფორმაცია განთავსებული და არც აბრაა გამოკრული მათ ოფისებთან. თუმცა, კომპანიის წვეულებაზე გადაღებული და შემთხვევით საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოები ჟურნალისტებს ქოლ-ცენტრის თანამშრომლების ამოცნობაში დაეხმარათ.
გამოძიებაში ნათქვამია, რომ ქოლცენტრების თანამშრომლები თვითონვე ღიად უწოდებენ საკუთარ თავს "სკამერს და ტრაბახობენ მდიდრული არდადეგებით, ძვირფასი სამკაულების შეძენითა და მაღალი კლასის ტანსაცმლით.
მაგალითად, ერთ-ერთი წამყვანი სკამერი ქორწილში ვერტმფრენით ჩაფრინდა.