სეს-მა კრიტიკული შეუსაბამობისთვის "იფქლს" საწარმოო პროცესი შეუჩერა

2025-02-06 15:06:41

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია "იფქლს" კრიტიკული შეუსაბამობისთვის საწარმოო პროცესი შეუჩერა.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაუდასტურეს სეს-ში, სადაც აცხადებენ, რომ "იფქლში" შესამოწმებლად მოქალაქის წერილის საფუძველზე შევიდნენ.

მოქალაქემ სეს-ს მიწერა, რომ 30 იანვარს თბილისში "ორი ნაბიჯის" ერთ-ერთ ფილიალში შეიძინა შპს იფქლის მიერ წარმოებულ შეფუთული თეთრ პური, რომელშიც უცხო სხეული აღმოაჩინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან დაბრუნებულ საპასუხო წერილში კი სააგენტო მოქალაქეს წერს, რომ კომპანიის შემოწმების შემდეგ სეს-მა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობა აღმოაჩინა. კრიტიკული შეუსაბამობისთვის კომპანიას საწარმოო პროცესი პრობლემის გამოსწორებამდე შეუჩერა, ხოლო არაკრიტიკული შეუსაბამობისთვის, რაც სურსათის ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის არ ქონა იყო, 1000 ლარით დააჯარიმა.

არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორს მიეცა შესაბამისი მითითებები და განესაზღვრა გონივრული ვადა მათ აღმოსაფხვრელად.

სეს-ის წერილი მომხმარებელი.ge-მ გამოაქვეყნა.


ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "იფქლსაც", სადაც განგვიცხადეს: "როგორც მივხვდით, გავრცელებული სტატიის საფუძველზე გვწერთ, რომლის თანახმადაც, მომხმარებელმა მაღაზიათა ქსელ „ორ ნაბიჯში“ შეძენილ პურში იპოვა უცხო სხეული. ხსენებულ მაღაზიათა ქსელში ჩვენი პროდუქტი საერთოდ არ შედის, მას სხვა კომპანია ამარაგებს, შესაბამისად პროდუქტი, რომელშიც უცხო სხეული იქნა აღმოჩენილი, ჩვენი ვერანაირად ვერ იქნებოდა, და არც იყო.

რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტს: აღნიშნული სამსახური ჩვენს ობიექტებზე ხშირად ახორციელებს გეგმურ და არაგეგმურ ვიზიტებს, რა დროსაც გვაძლევენ გარკვეულ რეკომენდაციებს, რომლებიც ყოველთვის სრულდება ჩვენი მხრიდან. გუშინდელი ვიზიტის დროს შენიშვნა ჰქონდათ ერთ ღუმელთან დაკავშირებით, აღნიშნული ღუმელი გავაჩერეთ, ვმუშაობთ ამ საკითხზე და უმოკლეს ვადაში იქნება მზად რომ კვლავ გააგრძელოს მუშაობა. საწარმოო პროცესი გაჩერებული არ არის, მხოლოდ ერთი ღუმელია გათიშული.

რაც შეეხება ქალაქ რუსთავის მომარაგებას: ჩვენ თბილისში გვაქვს ორი ქარხანა, გლდანში და ისანი-სამგორის რაიონში. ქალაქი რუსთავი მარაგდება ისანი-სამგორის რაიონში მდებარე საწარმოდან, სეს-ის ვიზიტი კი განხორციელდა გლდანის ქარხანაში, რომელში წარმოებული პურიც, რუსთავში მდებარე ობიექტებში არ შედის".

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები