შსს ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

2024-12-31 01:40:23
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.
დაპირისპირება მოხდა როგორც ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის.
შეკრებილებმა გადააბრუნეს როგორც შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი.
ასევე, მათ დააზიანეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს ადგილზე მყოფი სხვა მოქალაქეების ავტომობილებს.
შეკრებილი პირები, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს, ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.
დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა 8 მოქალაქე, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ნაწილი მათგანი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებებში.