თანამედროვე სამყაროში ინტერნეტი ყოველდღიურობის უზარმაზარი ნაწილი გახდა. მეტიც, მის გარეშე ჩვენი ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, მობილური ოპერატორები აბონენტებს სპეციალურად მოგზაურობაზე გათვლილ როუმინგ ინტერნეტის პაკეტებს სთავაზობენ, რათა უცხო ქვეყანაშიც გვქონდეს უწყვეტი კავშირი. ამ მხრივ არჩევანის დიდი თავისუფლებაა. ბაზარზე არაერთი მობილური ოპერატორია და მათი ტარიფებიც განსხვავდება. როგორ გავაკეთოთ მათ შორის სწორი არჩევანი? დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელთა გათვალისწინებაც ჩვენს საჭიროებებზე მორგებული მობილური ოპერატორის არჩევაში დაგვეხმარება.
იმისთვის, რომ მობილური ოპერატორი და პაკეტი სწორად აარჩიო, პირველ რიგში, საკუთარ საჭიროებებსა და პრეფერენციებში უნდა გაერკვე. რამდენი ხნით გეგმავ საზღვარგარეთ დარჩენას? გრძელვადიანი ვიზიტია თუ მოკლე შვებულება/მივლინება? ძირითადად რისთვის გამოიყენებ მეგაბაიტებს - ზარების განსახორციელებლად, ტექსტური შეტყობინებების გაგზავნისთვის, ნავიგაციის მიზნით თუ სოციალურ მედიაში მოგზაურობის დეტალების გასაზიარებლად? მას შემდეგ, რაც ამ კითხვებს გასცემ პასუხს, ოპერატორების მიერ შემოთავაზებულ პირობებსაც შესაბამისად გადააფასებ და შენზე მორგებულ პაკეტს აუცილებლად იპოვი.
როუმინგის პაკეტი თითქმის ყველა მობილურ ოპერატორს აქვს. მათ შორის, ალბათ, იმ ოპერატორსაც, რომლის აბონენტიც ხარ, თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ სამოგზაურო ინტერნეტი შეიძლება სხვაგან უფრო დაბალი ტარიფით შეიძინო. ამისთვის ახალი ფიზიკური SIM ბარათის ან ელექტრონული eSIM-ის შეძენა მოგიწევს. ფიზიკური ბარათი დიდი ალბათობით შენთვის უკვე ნაცნობია. გაინტერესებს, რა არის eSIM?
eSIM მცირე ზომის ჩიპია, რომელიც ტელეფონის სქემაშია ჩაშენებული. ორივე ალტერნატივა კომფორტულია საზღვარგარეთ სამოგზაუროდ და გაცილებით შეღავათიან ფასად შეიძლება შეიძინო, ვიდრე ადგილობრივი SIM ბარათი ან პაკეტი, რომელსაც შენი ოპერატორი გთავაზობს როუმინგისთვის.
სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებ, აუცილებლად შეამოწმე, ფუნქციონირებს თუ არა შენ მიერ შერჩეული ოპერატორი ქვეყანაში, სადაც გამგზავრებას აპირებ. ამის გადამოწმება მარტივად შეგიძლია საიტზე ან აპლიკაციიდან. თუ ეს დეტალები ვერ იპოვე, შეგიძლია, საინფორმაციო სამსახურს მიმართო დახმარებისთვის. ის, თუ რამდენად ოპერატიულად მუშაობს საინფორმაციო სამსახური კიდევ ერთი ინდიკატორია, რამდენად ღირს ამ ოპერატორთან თანამშრომლობა. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუცილებლად გადახედე სხვადასხვა ოპერატორის შეთავაზებებს და შეადარე მსგავსი პაკეტების ტარიფები ერთმანეთს. ამ დეტალებზე დაყრდნობით ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მიიღებ.
იმედი გვაქვს, ჩვენი რეკომენდაციები სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარება. თუ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს მიჰყვები, აუცილებლად იპოვი შენს საჭიროებზე მორგებულ მობილურ ოპერატორსა და პაკეტს.