"ჭიდან ამოდის საკანალიზაციო მასის ნიაღვარი გაუჩერებლად"

2024-09-16 13:17:56

რუსთავში, დონეცკ მეტალურგების მე-2 გასასვლელის N11 კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, დინო ოსიტაშვილმა განუცხადა, სამი კვირაა მილია დაზიანებული და საკანალიზაციო მასა ამოდის მიწის ზედაპირზე.

მისი თქმით, პრობლემის შესახებ რამდენჯერმე აცნობეს კომპანია "ჯივიპი რუსთავს", თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.

"სამ კვირაზე მეტია კანალიზაციის მილია დაზიანებული და ჭიდან ამოდის საკანალიზაციო მასის ნიაღვარი გაუჩერებლად. ჩვენ ეგრევე დავრეკეთ ჯივიპიში. ყველა ოჯახი თითქმის ყოველდღე რეკავდა, მერიას მივწერეთ, ყველგან, სადაც შეიძლებოდა განცხადებების დატოვება. როგორც გვითხრეს, გაჭედილია მილიო და გასაკეთებელია, ყოველდღე გვეუბნებიან დღეს მოვალთ, ხვალ მოვალთ, კვირის ბოლომდე, უკვე სამი ავტოსადგომია დატბორილი, ბაღიც, სუნი ხომ საშინელია მთელს უბანში, სადაცაა კორპუსისკენ წამოვა და დატბორავს. არავითარი რეაგირება არაა. რუსთავის მერიც კურსშია, ორჯერ თუ სამჯერ იყო მოსული და ჩვენ არ გვეხებაო და ჯივიპის მიმართეთო, ასეთი პასუხი იყო",- განგვიცხადა დინო ოსიტაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია ჯივიპისაც, სადაც განგვიცხადეს, რომ აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

"ქსელი იმდენად დაზიანებულია უკანონო  მშენებლობების გამო არის ჩატეხილი და რაღაც მონაკვეთის აღდგენაა აუცილებელი. ხვალიდან დაიწყება აღდგენითი სამუშაოები",- განგვიცხადეს კომპანიაში.