რუსთაველი აქტივისტი პოლიციაში გადაიყვანეს

2024-05-10 18:50:34

გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი და გირჩი TV-ის თანამშრომელი, რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მოსიაშვილი პოლიციაში გადაიყავანეს. ამის შესახებ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა მისი დაკავება.

"პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი.

არ ვიცით სად ჰყავთ, არ ვიცით რას ედავებიან.

ერთადერთი რაც ვიცით ისაა რომ გუშინ იმედმა და პოს ტვ-მ გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუსელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია", - წერს პოლიტიკოსი.

მანამდე გიორგი მოსიაშვილს სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაუვრცელეს. აქტივისტის თქმით, ჩანაწერის ძირითადი ნაწილი დამონტაჟებულია.

"რა სიბინძურეც ჩემზე გაავრცელეს პროპაგანდისტულმა არხებმა, ძირითადი ნაწილი არის დამონტაჟებული და სიტყვები ჩაკერებული თან არის ძველი ჩანაწერი. მაგრამ ესენი რომ უნდ წავიდნენ და გმირთა მოედანს რომ ვკეტავთ მაგას საჯაროდაც ვამბოთ", - დაწერა სოციალურ ქსელში მოსიაშვილმა პოლიციის განყოფილებაში წაყვანამდე.

მოსიაშვილი პოლიციამ რუსთავიდან, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან წაიყვანა.