საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირება გააუქმა

2024-04-04 17:40:49

პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა საბოლოო - მესამე მოსმენით დაამტკიცა.

"საარჩევნო კოდექსსა" და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონებში ცვლილებებს, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდაჭერით დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს, 85 - ხმით ( 22 - წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.

მიღებული პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც საარჩევნო სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს. ამასთან, გაუქმდა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის ნორმაც, რომლითაც გათვალისწინებულია საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.

ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობით 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის - ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.

ამავე პროექტის თანახმად, პარტიებს ექნებათ უფლება, საარჩევნო სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა განსაზღვრონ არანაკლებ 30 წევრით, ნაცვლად 60 წევრისა.