ქალი "ინსტაგრამზე" ყოფილ მულს კაცის სახელით გაეცნო

2024-03-13 11:45:28

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2000 წელს დაბადებული ქალი ამხილეს. უწყება ამბობს, რომ ის "ინსტაგრამზე", კაცის სახელით მისი ყოფილი ქმრის დას გაეცნო.

დაზარალებულმა ქალმა მას თავისის შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეო გაუგზავნა, ბრალდებულმა კი ეს ნათესავებთან გაავრცელა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს, სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის“ ყალბი პროფილის გამოყენებით, 2000 წელს დაბადებული ქალი, შურისძიების მოტივით მამაკაცის სახელით მისი ყოფილი მეუღლის დას გაეცნო და ნდობა მოიპოვა. დაზარალებულმა მითითებულ ყალბ პროფილზე ყოფილ რძალს, რომელიც მამაკაცის სახელით, ყალბი პროფილით ესაუბრებოდა, თავისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. ბრალდებულმა, ამ გზით, მოტყუებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, რომლებიც შემდგომ სახელის გატეხის მიზნით დაზარალებულის ნათესავებთან გაავრცელა", - წერია უწყების განცხადებაში.

დანაშაულში მხილებულ ქალს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე წარედგინა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.