იცოდი? - როდის აშენდა პირველი სამედიცინო დაწესებულება რუსთავში

2024-04-06 14:39:29

იცოდი? - როდის აშენდა პირველი სამედიცინო დაწესებულება ქალაქში.

1944 წელს ქალაქის ხელახლა მშენებლობის დაწყების დროს, რა თქმა უნდა, სამედიცინო პუნქტების მოწყობა აუცილებელი იქნებოდა.

იქამდე, სანამ მარცხენა სანაპიროზე შენობები აშენდებოდა, იყო კარვების ქუჩა, რომლებიც სასადილოდ, სამედიცინო პუნქტებად და საცხოვრებლად გამოიყენებოდა.


რუსთავის გენგეგმის მიხედვით გათვლილი იყო სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა.

პირველი პოლიკლინიკის მშენებლობა 1940-იანი წლების მეორე ნახევარში, სავარაუდოდ 1948-1949 წლებში უნდა დაწყებულიყო. შენობა არქიტექტორმა ვ. ორლივსკმა დააპროექტა.

ხოლო გაზეთ კომუნისტის 1951 წლის 18 აპრილის გამოცემაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო.

პირველი დიაგნოსტიკური ფუნქციონირებას ოფიციალურად 1952 წელს შეუდგა და მისი პირველი ხელმძღვანელი ლია ლორთქიფანიძე იყო.

სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში შეეძლო მომსახურებოდა 750 ადამიანს. იქ მისულ რუსთაველს ყველა ამბულატორიული სერვისის მიღება შეეძლო.

პირველი პოლიკლინიკის პარალელურად დღევანდელი წმინდა ნინოს ქუჩაზე შენდებოდა ე.წ. მედქალაქი, სადაც განთავსებული იყო სამშობიარო, ინფექციური, ტუბერკულოზის დისპანსერი, სტომატოლოგიური კლინიკა სასწრაფო დახმარების სადგური.

1955 წლისთვის ქალაქში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში 250-ზე მეტი მედიკოსი და 500-ზე მეტი პარასამედიცინო პერსონალი მუშაობდა.

ამ ფოტოზე, რომელიც პირველი დიაგნოსტიკური ცენტრის შესასვლელთანაა გადაღებული, ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი მერი სახამბერიძეა გამოსახული, მარცხნიდან პირველი.

ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები