ერთ ექიმს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერეს, 8 გააფრთხილეს

2024-02-17 20:04:23

პროფესიული განვითარების საბჭომ ერთ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა, რვას წერილობითი გაფრთხილება მისცა, ერთს კი ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება შეუზღუდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საბჭოს მიერ განხილულ საკითხებს შორის იყო, 38 სამედიცინო დაწესებულების 57 ონკოლოგის მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ისეთი მედიკამენტების დანიშვნის საკითხი, რომელიც საქართველოში დაშვებული არ არის.

"განახლებული შემადგენლობით, პროფესიული განვითარების საბჭომ 9 საკითხი განიხილა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ექიმს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და დაევალა პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა, 8 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ერთ ექიმს შეეზღუდა ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება.

კერძოდ, აღნიშნულ შემთხვევაში, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების ექიმმა ნევროლოგმა, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტი გასცა. დაფიქსირდა გადაჭარბებული დღიური დოზის დანიშვნის შემთხვევებიც. აღსანიშნავია, რომ ნევროლოგის მიერ გამოწერილ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, ზოგიერთ შემთხვევაში, აფთიაქიდან არა პაციენტი, არამედ სხვა, მესამე პირი იღებდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, საკითხის შესწავლის საბოლოო დასრულებამდე, მას ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის უფლება შეეზღუდა.

საბჭოს მიერ განხილულ საკითხებს შორის იყო, 38 სამედიცინო დაწესებულების 57 ონკოლოგის მხრიდან, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, ისეთი მედიკამენტების დანიშვნის საკითხი, რომელიც საქართველოში დაშვებული არ არის. ასევე არ არის აღიარებული არც ერთი სხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ. რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, მნიშვნელოვანი შეუსაბამობებისა და საეჭვო წარმომავლობის გამო, რეგულირების სააგენტოს მიერ, აღნიშნული მედიკამენტების რეგისტრაციაზე, კომპანიას უარი ეთქვა. აღნიშნული საქმის მასალები საქართველოს პროკურატურას გადაეცა.

რეგულირების სააგენტო, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე, პრეპარატების დანიშვნასთან დაკავშირებით, თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას, შესწავლის მიზნით რეცენზენტებს გადასცემს" - წერია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა და სხდომას ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ხელმძღვანელობდა.