სტამბოლში, სასამართლოს შენობაზე შეიარაღებული თავდასხმის მცდელობისას 6 ადამიანი დაიჭრა

2024-02-06 16:48:25

სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოსთან სროლა იყო, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი დაიჭრა.

ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი ერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი - ქალი და მამაკაცი.

შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა სასამართლოს შენობის შესასვლელთან, დაცვის პუნქტზე განახორციელეს.

ერლიკაიას ინფორმაციით, თავდამსხმელები რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარტია-ფრონტის, DHKP-C-ის წევრები არიან.

აღსანიშნავია, რომ ულტრამემარცხენე ჯგუფი DHKP-C-ი თურქეთში, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.