პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

2024-01-17 11:20:16

პოლონეთში თავის მოვლის საშუალებების ქურდობის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიებსა და აფთიაქებს ძარცვავდნენ.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს 34 წლის მოქალაქე ერთ-ერთ აფთიაქში ქურდობის დროს, დაცვის თანამშრომელმა შეამჩნია და დაიჭირა. კაცს პიჯაკის ქვეშ, ჩხრეკისას, მოპარული სუნამოები უპოვეს. მოპარული ნივთების ღირებულება 2 000 ზლოტზე მეტად ფასდება.

როგორც მედია წერს, იმავე დღეს მისი კიდევ ორი თანამზრახველი, 36 და 38 წლის ქართველები დააკავეს,
რომლებმაც ბელსკო-ბიალას ერთ-ერთი აფთიაქიდან დაახლოებით 2 000 ზლოტის ღირებულების კრემები მოიპარეს.

დანაშაული 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვადოვიცის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.