იცოდი? - რომელ წელს შეიქმნა პირველი ოჯახი რუსთავში

2023-12-16 11:34:12

იცოდი? - რომელ წელს შეიქმნა პირველი ოჯახი რუსთავში

პირველი წყვილი რუსთავში ოფიციალურად 1948 წელს დაქორწინდა.

როგორც 1958 წლის გაზეთი "კომუნისტი" რუსთავის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ გამოცემაში წერს, ერთ-ერთი პირველი ოჯახი რუსთავში ჩოხატაურელმა კაცმა გერონტი მამალაძემ და წულუკიძელმა ქალმა ჟენია ფუტკარაძე შექმნა.

"რკინიგზის სადგურის მხრიდან ანაზდად გაისმა მაყრული, სიმღერა მალე მშენებელთა ქუჩაზე ახალაგებულ სახლში მაგიდასთან თავშეყრილ ახალგაზრდებს მისწვდა. ხუთიოდე წუთიც და ქორწილს აღარავინ აკლდა.

- მეგობრებო - წამოიწყო თამადამ და ღვინით სავსე სასმისი ასწია. რუსთავში ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ოჯახის შექმნას გაუმარჯოს. ბედნიერი იყოს იგი.

ჩოხატაურელი ჭაბუკი გერონტი მამალაძე და წულუკიძელი ქალიშვილი ჟენია ფუტკარაძე მორცხვად ისხდნენ საქორწინო სუფრასთან.


მეორე დღესვე გერონტი მამალაძე ექსკავატორის საჭესთან იჯდა და გულს უხსნიდა მიწას, რომ მისი აგრეგატის ნაკვალევზე მარტენის საამქროს საძირკველი დაედუღაბებინათ. გატაცებით მუშაობდა ჭაბუკი.

ექსკავატორის მიწით გამოტენილ ციცხვში გერონტიმ უეცრად რაღაც ბრჭყვიალა საგანს მოჰკრა თვალი. სწრაფად გამორთო ძრავი, შუაზე გატეხილი სურა ფრთხილად აიღო, ქვაბულში ჩაიხედა.
მიწის სიღრმეში თიხის ჭურჭლის ნატეხები, ჟანგით შეჭმული ხმალი, საოჯახო ნივთების ნამსხვრევები შენიშნა.

გერონტი ერთხანს ჩაფიქრებული დაჰყურებდა ნასახლარს, შემდეგ ამაყად აიღო თავი, იქითკენ გაიხედა, სადაც საკუთარი ოჯახი ეგულებოდა. გერონტის უფროსი ქალიშვილი ნარგიზი ქალაქ რუსთავის თანატოლია. მომდევნო შვილს 7 წელი შეუსრულდა და "დედა-ენას" ჩამარცვლით კითხულობს. გერონტი კვლავინდებურად ექსკავატორის საჭეს უზის, ყოველდღიურად გეგმას სამმაგად ასრულებს"

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები