ბოლო ცნობები ისრაელიდან

2023-10-09 12:17:24

პოლონეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს
ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს დილით განაცხადა, რომ ორი თვითმფრინავით ისრაელიდან 215 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, ისინი უსაფრთხოდ დაეშვნენ ბუდაპეშტში.

ბულგარეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო BTA-ს ინფორმაციით, სამთავრობო თვითმფრინავით ქვეყანაში დააბრუნა 90 მოქალაქე. Airbus-ის თვითმფრინავი, რომელიც კვირას თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტიდან გაფრინდა, უსაფრთხოდ დაეშვა სოფიაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე.

მანამდე რუმინეთმა წარმატებით დააბრუნა 346 მოქალაქე ისრაელიდან, როგორც ეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

ევაკუაცია დაიწყო პოლონეთმაც, პირველი თვითმფრინავი, რომელშიც დაახლოებით 120 ადამიანი იმყოფებოდა, ვარშავაში ორშაბათს დილით დაეშვა. ქვეყანაში დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავა ისრაელიდან.

ამასთანავე, თეთრი სახლი ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობას არ აკონკრეტებს.

როგორც CNN-ს წყარომ განუცხადა, დაიღუპა სულ მცირე 4 ამერიკელი. მისივე თქმით, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის თქმით, აშშ-ის მთავრობა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და აგრძელებს კონტაქტს ისრაელის ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ისრაელის სამაშველო სამსახურის ცნობით, "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე, სულ მცირე 260 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

7 ოქტომბერს ნეგევის უდაბნოში, ებრაული დღესასწაულის, სუკოტის, აღსანიშნავად, მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა. მას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, განგაშის სიგნალი გაისმა, რასაც ძალიან სწრაფად სარაკეტო თავდასხმა მოჰყვა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ "ჰამასის" შეიარაღებულმა პირებმა ფესტივალის მონაწილეები მძევლად აიყვანეს. ასევე, ისინი ესროდნენ გაქცეულ მოქალაქეებს.