ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა

2023-10-08 13:44:49

ისრაელში "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

კვირას გამართულ ბრიფინგზე ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ პრიორიტეტები ახლა ისრაელის დასახლებებში ბრძოლების დამთავრება და ღაზისა და ისრაელის გამყოფ ხაზში არსებულ გარღვევებზე კონტროლის დამყარებაა.

ამავდროულად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 313 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო 1. 990 დაიჭრა.

საქართცელოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას.

რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალებს, უწყება განმარტავს, რომ მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

"საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას.

აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.

რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა "ჰამასმა" ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. არსებული ცნობებით, "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ომშია" და "ჰამასი", რომელიც მართავს ღაზას, "უპრეცედენტო ფასს გადაიხდის".