რუსთავში ჩამონგრეული კორპუსის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

2023-05-02 20:06:05

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

როგორც ქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, შენობის ერთ ნაწილს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება, მეორე ნაწილში კი ახალი საძირკველის მოწყობა მიმდინარეობს.

"რომელი მხარეც არ ჩამონგრეულა, იქ მიდის გამაგრების სამუშაოები, როგორც იყო დაგეგმილი. ჩამონგრეული ნაწილი გასუფთავდა ნანგრევებისგან და დაიდგდა დროებითი დგარები, რომ საფრთხის შემცველი არ იყოს მუშაობა. რაც შეეხება ჩამონგრეულ ნაწილს, ახალი პროექტის მიხედვით, მოხდება საძირკვლის და კოლონების ხელახლა მოწყობა და შემდეგ უკვე დაკავშირება მეორე ნაწილთან", - აცხადებენ მერიაში. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული კორპუსიდან ყველა ოჯახი გაყვანილია და დროებითი საცხოვრებლითაა დაკმაყოფილებული. როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ყველა ოჯახი დაბრუნდება. 

შეგახსენებთ, რუსთაველის ქუჩაზე კორპუსის ნაწილი გასული წლის დეკემბრის თვეში ჩამოინგრა.