იცოდი? - რომ რუსთავს 40 ძმის ქალაქსაც უწოდებდნენ

2023-04-22 18:11:00

იცოდი? - რომ რუსთავს 40 ძმის ქალაქსაც უწოდებდნენ.

მე-20 საუკუნის ორმოციან წლებში გაუდაბნოებულ ტერიტორიაზე, სადაც საუკუნეების წინ აქტიურად დასახლებული ქალაქი არსებობდა, საბჭოთა კავშირში სამაგალითო ქალაქის მშენებლობა დაიწყო.

ხელახლა გაცოცხლებული ინდუსტრიული ქალაქის მიმზიდველობის გასაზრდელად იმ დროს აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობდა, რათა ახალ ქალაქში ხალხი დასახლებულიყო.

სწორედ მაშინ შეერქვა "ორმოცი ძმის" ქალაქი, რაც მისი მულტიკულტურული მოსახლეობიდან გამომდინარეობდა.

40-იან წლებში მშენებარე ქალაქში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან და რეგიონიდან ჩამოსულმა ხალხმა მოიყარა თავი.

მრავალფეროვნება იყო თავად ამ ქალაქის მშენებლებშიც, რომლებიც სპეციალურად სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოიყვანეს.

"ორმოცი ძმის" ქალაქის პარალელურად ვხვდებით ქალაქის სხვადასხვა სახელწოდებასაც, მათ შორისაა "მეგობრობის ქალაქი".

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ვასილ მჟავანაძე წერდა: "რუსთავი მრავალეროვანი ქალაქია, მეგობრობისა და ძმობის ქალაქი. ტყუილად კი არ ვუწოდებთ მას 40 ძმის ქალაქს. აქ ერთად ცხოვრობენ და ერთსულოვნად შრომობენ 40 ეროვნების წარმომადგენლები...

შეიძლება სიამაყით ითქვას, რომ ამ ქალაქში როგორც
მზე წყლის წვეთში, აისახა მთელი ჩვენი ცხოვრება,
მთელი ჩვენი ქვეყანა, სადაც ერთიან, ერთსულოვან
მრავალეროვან ოჯახში გაერთიანებულია დიდი საბჭოთა კავშირის ყველა ხალხი“
.

უცნობია ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა ჩვენს ქალაქში 40 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი, თუმცა "ორმოცი ძმის ქალაქის" სახელწოდებას უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, რაც როგორც ვახსენეთ ამ ქალაქის მოსახლეობის ეროვნულ მრავალფეროვნებაზე უნდა მიუთითებდეს.

ამგვარად რუსთავი ჩამოყალიბდა ქალაქად, რომელიც თავს ერთად უყრიდა და აერთიანებდა სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანებს, რითაც, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის მიკრო მოდელად იქცა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები