იცოდი? - რატომ ჰგონია ისტორიკოსების ნაწილს, რომ შოთა რუსთაველი ჩვენი თანაქალაქელია

2023-02-04 11:02:22

იცოდი? - რატომ ჰგონია ისტორიკოსების ნაწილს, რომ შოთა რუსთაველი ჩვენი თანაქალაქელია.

"იცოდის" წინა ნაწილში, რომელშიც შოთა რუსთაველის ძეგლზე ვისაუბრეთ, დავაანონსე, რომ ვისაუბრებდი ისტორიკოსთა ნაწილის მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც შოთა რუსთაველი ჩვენი თანაქალაქელი უნდა ყოფილიყო და არა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავიდან.

რა თქმა უნდა, დაზუსტებითა და დარწმუნებით 21-ე საუკუნეშიც კი არ შეგვიძლია ვისაუბროთ გენიოსი ქართველის შოთა რუსთაველის წარმომავლობის შესახებ.

თუმცა პირველი, ვინც შოთა რუსთაველზე, როგორც ჩვენი ქალაქის მკვიდრზე დაიწყო საუბარი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და რუსთაველოლოგი პავლე ინგოროყვა იყო.

"იცოდის" ამ ნაწილში არ მოგიყვებით ინგოროყვას ნაშრომზე, არამედ ვისაუბრებ ერთ-ერთ ბოლო აღმოჩენაზე, რომელმაც ინგოროყვას მოსაზრება კიდევ უფრო განამტკიცა.

1991 წელს სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს ტაძარში ხანძრის დროს წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო დაიწვა.

ხანძრის შედეგად სამლოცველოს იატაკი ჩაინგრა, სადაც 2 საუკუნის განმავლობაში ყველასთვის დავიწყებული სათავსი იპოვეს.

სათავსში კი 1100-მდე ხელნაწერი აღმოაჩინეს, რომელთა შორისაც 140 ქართული იყო. ქართული ხელნაწერები 1600-მდე ფრაგმენტისგან შედგებოდა.

140 ხელნაწერში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოდგა.

ხელნაწერი მე-10 საუკუნის დასაწყისით თარიღდება და მასში შედის კრებული საისტორიო თხზულება "მოქცევაი ქართლისა" და ასურელ მამათა ცხოვრების წიგნი.

ასურელი მამების ცხოვრებაში ჩართული იყო დიდი ქართული მონასტრების, ზედაზნის, დავითგარეჯის, ჯვრის წიგნსაცავებისა და საჭურჭლის აღწერილობა.

სწორედ დავითგარეჯის საჭურჭლის აღწერილობაში ვკითხულობთ ისეთ რაღაცას, რაც საფუძველს იძლევა, ვიფიქროთ შოთა რუსთაველი ჩვენი თანაქალაქელია.

"და ოდეს სარკინოზობაი აღდგებოდა ამათ ორთა სახლთა, რუისთაველთა და მეწკენერლთა ზედაზადენს მოვიდეს და შექმნეს სამი გვადრუცი ქვისა თლილისაი და ორი ლუსკუმაი მშვენიერი",- ვკითხულობთ მე-10 საუკუნით დათარიღებულ ხელნაწერში.

ამ ტექსტში პირველად გვხდება რუსთაველთა საგვარეულოს ხსენება, რომელიც დაკავშირებული იყო ისტორიული კუხეთის რუსთავთან და არა მესხეთის რუსთავთან.

სწორედ ამ ჩანაწერის შემდეგ ისტორიკოსთა ნაწილს კიდევ უფრო გაუმტკიცდა ეჭვი, რომ გენიოსი ქართველი არა მესხეთის რუსთავიდან, არამედ ჩვენი ქალაქიდან უნდა ყოფილიყო.

თუკი შოთა რუსთაველის წარმომავლობად მესხეთის რუსთავს განვიხილავთ, მაშინ ამ ხელნაწერის შემდეგ უნდა დავუშვათ, რომ რუსთაველთა ორი გვარი არსებობდა, რაც ზოგადად ქართულ ისტორიაში არ არსებობს.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები