იცოდი? - რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბავშვო რკინიგზა რუსთავში იყო

2022-10-15 13:25:55

იცოდი? - რომ მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბავშვო რკინიგზა რუსთავში იყო.

რუსთავში საბავშვო რკინიგზის მშენებლობის იდეა თავდაპირველად რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სარკინიგზო ტრანსპორტის დირექტორის მოადგილეს, ნოდარ ფოცხიშვილის გაუჩნდა.

რკინიგზის მშენებლობის იდეას 1985 წელს მხარი საქალაქო კომიტეტის პირველმა მდივანმა, ჟიული შარტავამ დაუჭირა და 1986 წლის 1 თებერვლიდან ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყე-ჭალაში მშენებლობის პროცესი დაიწყო.

თოვლისა და რთული კლიმატური პირობების მუხედავად, მშენებლობის პროცესში მთელი რუსთავი იყო ჩართული.

ზუსტად ერთ წელში, 1987 თებერვალში მსოფლიოში ყველაზე გრძელ საბავშვო რკინიგზაზე სატესტოდ გაატარეს მატარებელი. რკინიგზის სიგრძე 5 კმ-ს აჭარბებდა.

გახსნას ესწრებოდა საქალაქო კომიტეტის პირველი თავმჯდომარე ჟიული შარტავაც.


ორთქლმავალი, რომელსაც 4 ვაგონი ჰქონდა მობმული, სპეციალურად მარიუპოლიდან ჩამოიტანეს.

1987 წლის 19 ივლისიდან საბავშვო რკინიგზამ ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება. ორთქლმავალით გასეირნება მოზრდილი ბავშვებისთვის 20 კაპიკი ღირდა, ხოლო უფრო პატარებისთვის 10 კაპიკი.

საბავშვო რკინიგზამ 90-იანი წლების პირველ ნახევარში თავისი ფუნქცია დაკარგა და მიტოვებულ ადგილად იქცა. მას შემდეგ კი რაც ქალაქის მერი მერაბ ტყეშალაშვილი გახდა, ორთქლმავალი შეარემონტეს და ხელახლა დაიწყო ფუნქციონირება.

თუმცა არც განახლების შემდეგ უარსებია დიდი ხანი. დროთა განმავლობაში მიწითა და ბალახით დაიფარა ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბავშვო რკინიგზა, ნელ-ნელა გაიძარცვა ორთქლმავალიც, რომელიც საბოლოოდ  ჯართში ჩააბარეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები