ინდონეზიაში მატჩის შემდეგ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

2022-10-02 12:19:50

ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარი ძალადობისა და ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე 174 ადამიანი დაიღუპა, 180 კი დაშავდა.

როგორც მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, საფეხბურთო კლუბების "არემასა" და "პერსებაია სურაბაიას" გულშემატკივრები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც "არემა" ანგარიშით 3-2 დამარცხდა. წაგებული გუნდის ათასობით მხარდამჭერი მოედანზე შეიჭრა, "პერსებაიას" ფეხბურთელებს ის უკვე დატოვებული ჰქონდათ, თუმცა, "არემას" რამდენიმე მოთამაშეს, რომელიც ჯერ კიდევ მოედანზე იმყოფებოდა, თავს დაესხნენ.

ჩხუბის დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რამაც ხალხის ჭყლეტა და დახრჩობის შემთხვევები გამოიწვია.

34 ადამიანი კანჯურუჰანის სტადიონზე გარდაიცვალა, დანარჩენი კი საავადმყოფოში. დაღუპულთა შორის ორი პოლიციელია.