მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების გეოგრაფიული მასშტაბი გაიზარდა

2022-08-01 14:59:21

ბრაზილიისა და ესპანეთის მთავრობებმა მაიმუნის ყვავილით დაინფიცირებული პაციენტების დაღუპვის შესახებ განაცხადეს. ეს აფრიკის მიღმა ამ დაავადების მქონე ადამიანების გარდაცვალების პირველი ფაქტებია.
ბრაზილიაში ამ ეტაპზე 513 დადასტურებული შემთხვევაა. ესპანეთში კი 3750 დაინფიცირებულია, მათგან 120-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ამერიკული ცენტრების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მსოფლიოში მაიმუნის ყვავილით 21 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.
დაავადება, როგორც წესი, მსუბუქად მიმდინარეობს – დაახლოებით იგივე სიმპტომებით, რაც ჩუტყვავილას აქვს და ისინი რამდენიმე კვირაში, თავად ქრება. თუმცა დასავლეთ აფრიკაში მომხდარი რამდენიმე აფეთქების დროს ლეტალობის მაჩვენებელი 10%-ს აღწევდა.

პირველი სიმპტომებით მაიმუნის ყვავილის გამოვლენა საკმაოდ რთულია – ესაა ტემპერატურა, თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი და სხვა.
მსოფლიოში არსებობს დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის გაკეთებაც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვისაა რეკომენდებული.