შუახნის მამაკაცი მოკლეს

2022-07-15 13:47:57

მარნეულის სოფელ მეორე ქესალოში მკვლელობა მოხდა.

დაპირისპირება ორ ადგილობრივს შორის 14 ივლისს იყო, რომელიც 63 წლის კაცის დაჭრით დასრულდა.

დაჭრილი მამაკაცი რუსთავის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ის გვიან ღამით გარდაიცვალა.

მოკლული და სავარაუდო დამნაშავე ნათესავები არიან. მათ შორის დაპირისპირების სავარაუდო მოტივად მიწის ნაკვეთზე დავა სახელდება.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ა.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში, მიწის ნაკვეთის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი - 1958 წელს დაბადებული ტ.ე. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები